როგორ მოვახერხოთ ის, რომ ბავშვებმა არ შეწყვიტონ კითხვა და სწავლა ზაფხულის განმავლობაში და დანაკარგის გარეშე, სათანადო მზაობით შეუდგნენ მომდევნო სასწავლო წელს?... იხილეთ ვრცლად >>>
რესურსები
ვებინარები
× ბიზნეს უნარ-ჩვევები წიგნები და გაზეთები აუდიო წიგნები სამუშაო ბარათები დაწერე მოთხრობა მათემატიკური თამაშები კითხვის და მათემატიკის პლაკატები მშობელთა ჩართულობის ბარათები

დღის გზავნილი

დგება ზაფხული და ყველანი ვიმუხტებით დასვენების, გართობის, განტვირთვის საგანგებო მოლოდინით. ბავშვებისთვის ივლისი და აგვისტო მართლაც განსაკუთრებულია. ისინი ხომ მთელი კვირების განმავლობაში დაიხსნიან თავს დიდაქტიკური ტექსტების კითხვისა და კლასისთვის მოყოლისგან, მათემატიკური სავარჯიშოების გამოყვანისა და მეტ-ნაკლებად საინტერესო თემებზე ლაპარაკისგან. ბოლოსდაბოლოს, თამამად შეუდგებიან იმას, რაც ყველაზე მეტად სიამოვნებთ - თამაშს, ხტუნვას, ხეტიალს...

სპეციალურად ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ ზაფხულში ბავშვების უმრავლესობა სასწავლო წლის განმავლობაში დაგროვილ ცოდნას ვერ ინარჩუნებს და სექტემბერს საგრძნობლად გაუარესებული მოსწრებით ხვდება. ეს ეფექტი ვრცელდება როგორც ენასა და მათემატიკაზე, ისე სხვა საგნებზეც. კიდევ უფრო თვალშისაცემია ეს უარყოფითი ეფექტი დაბალი მოსწრების მქონე ბავშვებთან.

როგორ მოვახერხოთ ის, რომ ბავშვებმა არ შეწყვიტონ კითხვა და სწავლა ზაფხულის განმავლობაში და დანაკარგის გარეშე, სათანადო მზაობით შეუდგნენ მომდევნო სასწავლო წელს?

ერთი შეხედვით, ამის მიღწევა არც ისე ადვილია. უამრავ ბავშვს ხომ წიგნისკენ გახედვაც კი ეზარება არდადეგების პერიოდში. ბევრი მასწავლებელი ფიქრობს, რომ ზაფხულში წასაკითხი წიგნების ნუსხის შედგენითა და ოჯახისთვის გადაცემით საქმეს ეშველება. თუმცა ასე არ არის, ზაფხულის დღეები დღეებს მისდევს და ვხედავთ, რომ წასაკითხი წიგნების სია წაუკითხავი წიგნების სიად რჩება. ერთმა ბავშვმა წასაკითხი წიგნების ფურცლები ასო-ასო დაანაკუწა (პირდაპირი გაგებით), ამგვარად გამოხატა ფრუსტრაცია და გაღიზიანება დავალებად მიღებული საკითხავების მიმართ.

ჩვენ გვავიწყდება, რომ ის, რაც სასარგებლოდ მიგვაჩნია, ხშირად არც ისე სასიამოვნოა, სულ მცირე, პირველ ეტაპზე მაინც. ამიტომ საკითხს სხვა თვალით უნდა შევხედოთ. მთავარია, რომ კითხვა არა მხოლოდ სასარგებლო, არამედ სასიამოვნოც იყოს. ბოლოსდაბოლოს, სულ რამდენიმე საინტერესო იდეაა საჭირო იმისათვის, რომ ბავშვმა ყოველდღიურად თუნდაც რამდენიმე წუთი დაუთმოს კითხვას და წერას.

გთავაზობთ რჩევებს:

  • წაკითხული წიგნების გვერდებისა და კითხვისთვის განკუთვნილი დროის აღსარიცხავად გამოიყენეთ კითხვის კალენდარი. დაამზადებინეთ კალენდარი ბავშვს საკუთარი ხელით (თუ საჭიროა, დაეხმარეთ). სთხოვეთ შეიტანოს მასში ძირითადი ინფორმაცია იმ წიგნის შესახებ, რომელსაც კითხულობს (ავტორი, სათაური). მას შეუძლია კალენდარში ყოველდღიურად აღრიცხოს, თუ რამდენი გვერდი წაიკითხა და რა დრო დაუთმო კითხვას. იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად ყურადღებით წაიკითხა და გაიაზრა ბავშვმა ესა თუ ის ტექსტი, შეგიძლიათ კალენდრისთვის მარტივი კითხვებიც შეარჩიოთ. მაგალითად:

#  3 მონაკვეთი, რომლებმაც ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე

#  2 რამ, რასაც შევცვლიდი ტექსტში

#  1 შეკითხვა / რჩევა ავტორს

#  2 ილუსტრაცია ტექსტიდან

#  3 რამ, რის გამოც ეს წიგნი უნდა წაიკითხო

ლექსიკური მარაგის გამდიდრება ყოველთვის აქტუალურია. სიტყვების ცოდნა წაკითხულის გააზრების მთავარი საყრდენია. და პირიქით, ხშირად ტექსტის არწაკითხვის მიზეზი სწორედ ბევრი უცნობი სიტყვაა. ამიტომ შესთავაზეთ ბავშვებს თამაშები სიტყვებზე. მაგალითად, დაწერეთ გრძელი სიტყვა და სთხოვეთ ბავშვს, ააწყოს უფრო პატარა სიტყვები დაწერილ სიტყვაში შემავალი ასო-ბგერებით. მაგალითად, თუ დაწერთ სიტყვას „მატარებელი“, მას შეუძლია ჩამოწეროს ისეთი სიტყვები, როგორიცაა: „ბელი“, „ტარი“, „მატლი“, „ბარი“, „რემა“, „აბრა“, „ლირა“, „ლარი“ და ა. შ. შესთავაზეთ ბავშვებს საბავშვო კროსვორდები და რებუსები, რომლებიც საბავშვო ჟურნალ-გაზეთებშიც მრავლადაა და ინტერნეტშიც. დაეხმარეთ მათ შევსებაში.

მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა წეროს. საუკეთესო საშუალება ამისთვის არის საზაფხულო დღიური. შეუძინეთ თქვენს შვილს ბლოკნოტი. უმჯობესია, თავად შეარჩიოს. სასურველია, ყოველდღიურად ჩაწეროს შთაბეჭდილებები, გააფორმოს ნახატებითა და სტიკერებით. თემატიკა და იდეები შეუზღუდავია. მაგალითად: რა ხდება ცაში? რა ფრინველები ან მწერები ბინადრობენ გარშემო? რომელი თანავარსკვლავედების ამოცნობა შეგიძლიათ? რა ფერისა და ფორმისაა ღრუბლები? და ა. შ.  

სთხოვეთ, შექმნას ანეკდოტების წიგნი. ბავშვებს ძალიან უყვართ იუმორი. ამისათვის უნდა შეაგროვოს ანეკდოტები და ჩაწეროს ისინი. ასევე, სთხოვეთ ამოწეროს წაკითხული წიგნებიდან ყველაზე სასაცილო ეპიზოდები.

მიაწოდეთ ძველი ჟურნალ-გაზეთები და სარეკლამო ბროშურები. შესთავაზეთ, ამოჭრას სურათები, მოიფიქროს და დაწეროს პატარა მოთხრობები ან ლექსები.

ითამაშეთ „რობინი წრეში“. მოიფიქრეთ რაიმე ამბის დასაწყისი და დაწერეთ ერთი ან ორი წინადადება. გადაეცით თქვენი ნაწერი ბავშვს. ის წაიკითხავს და ერთი-ორი წინადადებით გააგრძელებს. ასე განაგრძეთ წერა მანამ, სანამ ერთ-ერთი თქვენგანი ბოლო წინადადებით არ დაასრულებს (ამ თამაშში შეიძლება რამდენიმე ბავშვმა მიიღოს მონაწილეობა).

წაიყვანეთ ბავშვები ზოოპარკში. სთხოვეთ, ჩამოწერონ ცხოველები. შემდეგ დააჯგუფონ ისინი კატეგორიების მიხედვით, მაგალითად: მტაცებლები, ზოლიანები, მწვანე ფერისანი და ა. შ. სთხოვეთ, დაწერონ ზოოპარკიდან გამოპარული რომელიმე ცხოველის თავგადასავალი და გააფორმონ ილუსტრაციებით.

ერთად ეწვიეთ მუზეუმს ან ისტორიულ შენობას. სთხოვეთ ბავშვებს, ჩამოწერონ და მოკლედ აღწერონ საგნები, რომლებიც ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა და რომელთა ნახვასაც არ ელოდნენ.

სთხოვეთ, დააკვირდეს ღრუბლებს და აღმოაჩინოს მათში ნაირგვარი გამოსახულებები. შემდეგ ჩამოწეროს ყველაფერი, რასაც დაინახავს. შეიძლება პატარა ამბის შედგენაც მოისურვოს. შესთავაზეთ, რომ ღრუბლებს სურათებიც გადაუღოს და ტექსტს ილუსტრაციებად დაურთოს.

ერთად მოიფიქრეთ გემრიელი საზაფხულო გამაგრილებელი სასმელის რეცეპტი. შესთავაზეთ დაამზადოს (თუ საჭიროა, დაეხმარეთ დამზადებაში), გასინჯეთ და სხვებსაც გაასინჯეთ. შემდეგ კი სთხოვეთ, დაწეროს რეცეპტი. შეახსენეთ, რომ არ დაავიწყდეს ინგრედიენტების სრულად მითითება და მომზადების ყველა საფეხურის გასაგებად აღწერა.

წერილები. შესთავაზეთ ბავშვს, მისწეროს წერილი მეგობარს. უამბოს იმის შესახებ, თუ სად ატარებს ზაფხულის არდადეგებს, როგორ ისვენებს და რა წიგნებს კითხულობს. სასურველია, წერილი კონვერტში მოათავსოთ და გაუგზავნოთ ადრესატს.

შესთავაზეთ გადაუღოს ფოტოები საინტერესო ადგილებს, ცხოველებს, ფრინველებს და ა. შ. შემდეგ კი შეუძლია ამ ფოტოებით საზაფხულო ალბომის დამზადებაც.

მოაწყვეთ მკითხველთა თეატრი. მიეცით ბავშვებს მათთვის საინტერესო წიგნი. სთხოვეთ, გაინაწილონ როლები და ხმამაღლა, თანმიმდევრობის დაცვით წაიკითხონ. ერთი ბავშვი მთხრობელი იქნება, სხვები კი პერსონაჟების ტექსტებს გაახმოვანებენ.

 

ბავშვის კითხვის მოტივაციაზე დადებითად მოქმედებს საკუთარი არჩევანით შერჩეული წიგნების კითხვა. თუ მასწავლებელმაც ურჩია რამდენიმე კონკრეტული წიგნის წაკითხვა, მიეცით ბავშვს საშუალება, რომ თავისი წიგნებიც დაამატოს ან ჩაანაცვლოს. მკითხველისთვის ავტონომიის მინიჭება მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში.